შიში და სიხარბე არის ორი ძირითადი განცდა, რომელიც მართავს კაცობრიობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მე პირადად ამაში ვერც ცუდს ვხედავ და ვერც კარგს, უბრალოდ ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა. ყოველი ჩვენი ქმედება გარკვეულ წილად ეფუძნება სწორედ ამ ორ განცდას, ვაღიარებთ ამას თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ეს ყველაფერი ქვეცნობიერების დონეზე ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანს ესმის თუ რა გრძნობა იწვევს მის ქმედებას, მაგრამ როგორც წესი არ უნდა აღიაორს, რადგან შიშიც და სიხარბეც მიჩნეულია უარყოფით განცდებად და სოციუმში სამარცხვინო ემოციებია.
ნებისმიერი ჩვენი ქმედება მეტნაკლებად დამოკიდებულია სწორედ მათზე ან ამ განცდების სახეშეცვლილ ვარიანტებზე. ყველაზე კარგად ეს ემოციები ჩანს ბაზარზე. ნებისმიერ ბაზარზე ფასის ცვლილების მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს ემოციებია. ფასი ეცემა იმიტომ, რომ ბაზარზე სუფევს პანიკური შიში ან იზრდება იმიტომ, რომ ბაზარზე ბატონობს სიხარბე. უკეთესად გასაგებად ავიღოთ ნებისმიერი ბაზრის მაგალითი, თუნდაც უძრავი ქონების.
რა გარემოება ზრდის ან აგდებს ფასს ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე. ფასის დინამიკა ყოველ ბაზარზე დამოკიდებულია მოთხოვნა შეთავაზების ბალანსზე ან დისბალანსზე. თუ მოთხოვნა არის დიდი ხოლო შეთავაზება დაბალი მაშინ ფასი იზრდება და ფასი ეცემა მაშინ როცა შეთავაზება არის დიდი და მოთხოვნა ნაკლები. ფასი განიცდის კონსოლიდაციას თუ მოთხოვნა და შეთავაზება ერთმანეთს უტოლდება. მოთხოვნის და შეთავაზების არსებობა წარმოუდგენელია ბაზრის მონაწილის არსებობის გარეშე, ანუ მოთხოვნა შეთავაზება ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს ისევე როგორც ვერ იარსებებს ბაზარი. ადამიანი თავისთავად ვერ იარსებებს ემოციის გარეშე და მათ შორის ყველაზე ძლიერი ემოციები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არის შიში და სიხარბე.
თუ რომელიმე გარემოება პროგნოზირებს უძრავი ქონების ფასის ზრდას (არ არის აუცილებელი ეს გარემოება იყოს მეცნიერულად დასაბუთებული, შეიძლება იყოს რეკლამა, PR ან ნებისმიერი სხვა საშუალება რაც ბაზრისათვის აღმოჩნდება დამაჯერებელი), ბაზარზე იზრდება მოთხოვნა, რასაც მოჰყვება შეთავაზების კვალდაკვალ ზრდაც და ფასი იწყებს ზრდას მანამ, სანამ მოთხოვნა და შეთავაზება ერთმანეთს გაუტოლდება. მთელ ამ პერიოდში ბაზარზე ბატონობს სიხარბე და ფასი იძენს ზრდის ტენდენციას. ვინც მოითხოვს (ყიდულობს) უძრავ ქონებას, მოითხოვს მომავალში უკეთესად შეთავაზების (გაყიდვის) მიზნით, ვინც სთავაზობს (ყიდის) უძრავ ქონებას, სთავაზობს გაზრდილ ფასსზე სარგებლის ნახვის მიზნით.
ცოტა ხნის წინ საქართველოში სწორედ ამ პროცესის მომსწრე ვიყავით. მოთხოვნა უძრავ ქონებაზე განიცდიდა პროგრესს სხვა და სხვა მიზეზების გამო, როცა გამოილია შეთავაზება, მომრავლდა სამშენებლო კომპანიები და ფასი განაგრძობდა ზრდას სანამ დადგა ომის და კრიზისის სუნი.
თუ რომელიმე გარემოება პროგნოზირებს უძრავი ქონების ფასის დაცემას (კრიზისი, ომი ან ნებისმიერი სხვა არასასიამოვნო გარემოება), ბაზარზე მოთხოვნა სასწრაფოდ ეცემა და იწყება ნაყიდი უძრავი ქონების გაყიდვა იმის შიშით რომ ინვესტიცია დაიკარგება, რასაც მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია, პანიკური შიში და ყველა იწყებს გაყიდვას მოთხოვნის დეფიციტის პირობებში რაც ავტომატურად იწვევს ფასის დაცემას. შედეგად რჩება სამშენებლო კომპანიები ვისაც აქვს შეთავაზება, მაგრამ ბაზარზე არ არის მოთხოვნა. ამ პერიოდში ბაზარზე ბატონობს შიში და ფასი იძენს ვარდნის ტენდენციას.
იმდენად რამდენადაც შიში უფრო ძლიერი გრძნობაა ვიდრე სიხარბე, ნებისმიერი ფასი უფრო სწრაფად ეცემა ვიდრე იზრდება.
ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებს Forex-ი, ოღონდ აქ ყველაფერი უფრო დახვეწილია, ბაზრის რწმენა და მოლოდინი უფრო სწრაფად და ზუსტად აისახება ფასზე. ძირითადი მაჩვენებლები რასაც ამ ბაზრის აბსოლუტური უმრავლესობა უყურებს და საიდანაც ბაზარი იღებს მოლოდინს არის ეკონომიკური მაჩვენებლები, ნიუსები, საიდანაც ბაზარი ცდილობს წარმოდგენა შეიქმნას გლობალურ ეკონომიკაში არსებულ ამინდზე.
Filed under: ანალიზი, ბაზრის მიმოხილვა, ტენდენცია (Trend), ფსიქოლოგია | 2 Comments »











